გიორგი გახარია, დავოსში, მსოფლიოს უმსხვილესი კოპმანიების ხელმძღვანელებს შეხვდება

„ფილიპსი“, „სიმენსი“, „კოკა-კოლა“ ეს იმ მსხვილი კომპანიების მცირე ჩამონათვალია, ვისთანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდება.   მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში 21-24 იანვარს შედგება.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრების ძირითადი ნაწილი სწორედ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება.

„გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა.ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe” – ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის აპარატის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის მეთაური სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების – “Uniting Europe” მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე ესტუმრება პრეზენტაციას – „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იმყოფებიან.

მსგავსი თემები