გიორგი ანდრიაძე მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.  

როგორც გიორგი ანდრიაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მთაწმინდა მისი უბანია და წარმატების იმედი აქვს.

გიორგი ანდრიაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მისი თქმით, იმ არჩევნებმა დაანახა, რომ მთაწმინდის რაიონში “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ისევე, როგორც “ქართულ ოცნებას”. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა მზად არის აირჩიოს მესამე პოლიტიკური ძალა.

“ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მთაწმინდის ამომრჩევლის მხარდაჭერა, მხოლოდ გარკვეული ფინანსური ბერკეტების ჩარევის შედეგად მიიღო. მთაწმინდის ელექტორატი არის მზად იმისთვის, რომ აირჩიოს მესამე გზა. ვინ იქნება ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი ამომრჩეველი, უნდა წავიდეს მესამე გზით. ჩემი ლოზუნგია – “არა ნაციონალებს და არა “ოცნებას”. ამომრჩევლების 70 % უნდობლობას უცხადებს არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის რეალობა. მესამე ძალას გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, თუ ხელისუფლება იმავე მეთოდებით არ იბრძოლებს, როგორც ეს გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნების დროს”, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ “მთავარში”.  

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც მთაწმინდის ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 1%-ია.

მსგავსი თემები