გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტარის ყოფილი წვერის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში ბრალდებულ პირს, საერთაშორისო წითელი ცირკულარით ძებნილ დ.ხ -ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ხ-ს, რომელსაც თარგამაძის მოკვლა ჰქონდა განზრახული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მკვლელობა კი თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა. ასაფეთქებელი მოწყობილობა გიორგი თარგამაძის „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა.  

შემთხვევა 2016 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, თბილისში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოხდა. “შკოდა ოქტავიას” მარკის ავტომობილში გიორგი თარგამაძე და მძღოლი დავით ვარდოსანიძე ისხდნენ. როდესაც მან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება და ვეკუას ქუჩის N1-ის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილს მიუახლოვდა, დ.ხ.-მ გიორგი თარგამაძისა და დავით ვარდოსანიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მოკვლის მიზნით, „შკოდა ოქტავიაზე“ წინასწარ მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა, რითაც საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შედეგადაც ავტომობილი აფეთქდა.

ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. აფეთქების შედეგად დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომობილის, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია, ხოლო დ.ხ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა და დღემდე საერთაშორისო წითელი ცირკულარით იძებნება.

პროკურატურის ინფორმაციით, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩხრეკის ოქმებით, დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებით, ბიოლოგიური, პიროტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალების საერთო ანალიზით.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე დ.ხ.-სთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის “გ”, II ნაწილის “ე”და III ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის “გ”, II ნაწილის “ე” და III ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით.

მსგავსი თემები