“გიგი უგულავას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა” – ადვოკატი

“გიგი უგულავას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მკურნალობს, უარს არ აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე და გთხოვთ, გადადოთ სხდომა ხვალისთვის”, – ამის შესახებ გიგი უგულავასთვის დანიშნულმა საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე მიმართა.

ადვოკატმა სულხან კომახიძემ სხდომის ხვალისთვის გადადების შუამდგომლობა იმ მოტივითაც მოითხოვა, რომ უგულავას არ შეხვედრია და არ იცნობს საქმის მასალებს. მოსამართლე ზვიად შარაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად ნახევარსაათიანი დრო მისცა. შესაბამისად, სხდომა 20:00 საათზე განახლდება.

ძალადობის ბრალდებაზე, გიგი უგულავას საქმეში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი სულხან კომახიძე მას შემდეგ ჩაერთო, რაც უგულავას კერძო ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლოში არ გამოცხადდა. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე პროკურატურა უგულავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. სახაზინო ადვოკატი კი, უგულავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

მსგავსი თემები