გიგა ბოკერიას პროკურატურაში იბარებენ, დეპუტატი კი მისვლას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, დეპუტატი მისვლას არ აპირებს და აღნიშნულს საგამოძიებო ორგანოს მიმართ უნდობლობით ხსნის.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმე ეხება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.

“ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, მის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”, – განმარტავენ პროკურატურაში.

რაც შეეხება თავად ბოკერიას, ის აცხადებს, რომ პროკურატურაში არ მივა.

„არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელია ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ, პოლიტიკურ მომენტში. ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები