გია ნოდია: „ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალი და განხეთქილებებია”

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გია ნოდია, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივი მოძრაობის “დაიცავი საქათველოს“ ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას ეხმიანება. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფოქრობს, რომ ბესელიას ჯგუფის თუ სხვა “ქოცების” ბიძინასგან გამოქცევა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება თვითონ ბიძინა ივანიშვილის შეგნებული ჩანაფიქრია, თითქოს ის ამით წინასწარ დამატებით დასაყრდენს იკეთებს.

„ეს ჩვეულებრივი შეთქმულების თეორიაა, რომელსაც არავითარი კონკრეტული არგუმენტი არა აქვს. ყველა ინდიკატორი იმას მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ რეალური სკანდალები და განხეთქილებებია. ნუ წარმოვადგენთ ბიძინას ზებუნებრივ ბრძენკაცად, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. პირიქით, ეს ყველაფერი მისი, როგორც ლიდერის თუ „მენეჯერის“ (როგორც თვითონ ამბობს ხანდახან) სისუსტეს აჩვენებს და მას სერიოზულად აზიანებს”, – წერს ნოდია.

გია ნოდია სულაც არ გამორიცხავს, „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს ჰქონდეთ იმედი, რომ რაღაც ეტაპზე ბიძინას ისევ დასჭირდებიან და ის იძულებული გახდება, კვლავ მიიღოს, ოღონდ უკეთესი პირობებით.

“პრინციპში, ეს სავსებით შესაძლებელია: მაგალითად, თუ 2020 წლის არჩევნებზე „ოცნება“ დეპუტატების მანდატების 50 პროცენტზე ნაკლებს, მაგრამ სხვაზე მეტს აიღებს და კოალიციის პარტნიორები დასჭირდება, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ „დაიცავი საქართველოც“ მოხვდება პარლამენტში. ამიტომ, ისინი ბიძინას კი არ ებრძვიან, ბიძინასთვის იბრძვიან, რადგან ბიძინას იქით გზა მაინც არა აქვთ. ოღონდ ეს მათი თამაშია და არა ბიძინასი. ამ უკანასკნელს, ცხადია, კობახიძე-მდინარაძე-ოხანაშვილისნაირი დისციპლინებული ჯარისკაცები ურჩევნია ფხუკიან ბესელია-კვაჭანტირაძეს. მაგრამ თუ თავსზემოთ ძალა არ ექნება, შეიძლება დათმობებზე წასვლა მოუწიოს. ოღონდ ამ შემთხვევაშიც, მე მგონი, პარტნიორებად ჯერ „პატრიოტები“ ერჩივნება, ეგენი უფრო მისიანები და მართვადები არიან. თუმცა რა იცი, პოლიტიკა ოხერია”, – წერს ნოდია.

გია ნოდია არის ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. გარდა აკადემიური სტატიებისა, ის ხშირად აქვეყნებს ესეებს მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე.

მსგავსი თემები