გია ვოლსკი, მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას “თიბისი ბანკს” უკავშირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ საქმიანობას არ უკავშირებს.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, შესაძლოა მამუკა ხაზარაძემ, სწორედ იმიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, რომ მის საქმე თაროზე არ შემოიდო და გამოძიება გაგრძელდა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გათეთრებაზე თუ არასწორ მანიპულაციაზე იყო საუბარი. ზუსტად  ვერ იტყვის ვერც ერთი პოლიტიკოსი, ამიტომ პროკურატურამ კეთილი უნდა ინებოს და ბრალდებებიც უნდა იყოს ზუსტი, დასაბუთებული და სასამართლომაც უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კითხვებს არ დატოვებს საზოგადოებაში. თაროზე ვინ შემოდო ეს საქმე, მე არ ვიცი, იყო თუ არა საერთოდ თაროზე შემოდებული თუ პროცესი გრძელდებოდა, ეგ ერთია და, ახლა პოლიტიკაში შემოსვლა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს იმისთვისაც, რომ იცის, თაროზე არ არის საქმე შემოდებული,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართავს.

მსგავსი თემები