“გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს” – ნათია თურნავა

„ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დრო ტურისტულ ინდუსტრიაზე ადაპტირებისთვის, რადგან ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ეს საქმიანობა ძალიან ახლოსაა და ვამბობთ ხოლმე – „სტუმარი ღვთისაა.“ ამ პროცესმა დააგროვა ღირებული გამოცდილება და ეს არის ქართული სასტუმრო სექტორის მოქნილობის მაგალითი, მოერგოს ახალ ნორმებს. სწორედ ამიტომ, ვაცხადებთ, რომ საქართველო შესაძლოა ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან საუბარია პროტოკოლების დაცვაზე“,- ამის შესახებ ნათია თურნავამ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცემამ საქართველოს ვრცელი სტატია მიუძღვნა სათაურით „შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება,“ სადაც სტატიის ავტორი საქართველოს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნად ასახელებს.

როგორც ნათია თურნავა ინტერვიუში აცხადებს, პირველი ივლისიდან საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებს ელის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ეპიდემიოლოგიურად მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსი ვითარება აქვთ.

„ზოგიერთი ქვეყნიდან შემომავალ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის ღიაობა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა, გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ, სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

მსგავსი თემები