გვირგვინი ზღვაში – აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აჭარაში დასრულდა


აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეული, ტრადიციულად, ბათუმში გაიმართა. კვირეულის ორგანიზატორი იყო „ქართულ-აფხაზური საგა“ და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ​აფხაზეთობისადმი მიძღვნილ შეხვედრებში მონაწილეობდნენ და სიტყვებით გამოვიდნენ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წარმომადგენლები, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე არეშიძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თედიძე, “ქართულ-აფხაზური საგას” ხელმძღვანელები ნათელა დუმბაძე, ვანო პაპუნიძე, აჭარის საზოგადოების ცნობილი სახეები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, საერთაშორისო ორგანიზაცია – სოროპტიმისტინტერ ნაციონალი – კლუბი „ბათუმი“.

აფხაზეთობის დღის ფარგლებში აჭარაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქ ჩავიდნენ და მის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, ელგუჯა გვაზავამ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის ისტორიულ-პოლიტიკური თემატიკაზე. ფერიის აფხაზური სკოლის მოსწავლეებმა კი წარმოდგენა გამართეს მაჰაჯირობის თემაზე, რის შემდეგაც ღონისძიება ფერიის აფხაზურ სკოლაში გაგრძელდა, სადაც დაესწრნენ ღია გაკვეთილს. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, დ.გულიასა და ნ.დუმბაძის ნაწარმოებებიდან.

ბოლოს, შეხვედრის მონაწილეებმა სიმბოლურად, ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოცხადებული აფხაზეთობის დღე – 23 მაისი, აჭარაში ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი თემები