„გველოდება პოლიტიკური ვაკხანალია და ქაოსი“ – კახა ოქრიაშვილი პროპორციულ არჩევნებზე

„მომავალი 10 წელი საქართველოში ქაოსური პოლიტიკა გვექნება. წელიწადში 10 პრემიერ-მინისტრი გვეყოლება, პოლიტიკოსები ყოველ წამს დაინიშნებიან და შეიცვლებიან და იქნება ერთი ვაკხანალია,“ – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის”  თავმჯდომარე, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პროპორციულ არჩევნებს ნულოვანი ბარიერით.

როგორც დეპუტატი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნავს,  ეს ყველაფერი, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე დამანგრევლად იმოქმედებს.

 „პროპორციული სისტემის პრინციპული წინააღმდეგი ვარ და საამისოდ არაერთი არგუმენტი მაქვს. ხედვები კი, ამასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო განმიმტკიცდა, რაც შარშან მოლდოვასა და იტალიაში შეცვალეს კონსტიტუცია და დააბრუნეს ისევ მაჟორიტარული სისტემა. კარგი იქნება, რომ ეს გაითვალისწინონ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ სხვის შეცდომებზე ვერაფერს ვსწავლობთ. ჩვენნაირ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, ეს იქნება დამანგრეველი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ახლა ეს მიიღეს, მომავალი 10 წელი გვექნება ქაოსური პოლიტიკა საქართველოში, გვეყოლება წელიწადში 10 პრემიერ-მინისტრი, დაინიშნებიან და შეიცვლებიან ყოველ წამს პოლიტიკოსები და იქნება ერთი ვაკხანალია. მერე კი იტყვიან, რომ არ გაამართლა პროპორციულმა სისტემამ და ისევ უნდა გადავიდეთ მაჟორიტარულ სისტემაზე. ეს უკვე მოხდა მოლდოვასა და იტალიაში. კვირაში ორ პრემიერ-მინისტრს იცვლიდა იტალია“- აღნიშნა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

როგორც კახა ოქრიაშვილი განმარტავს, პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება იქნება ფაქტობრივი უარი იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვს.

„ამით, პრაქტიკულად, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ ვისაც უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ვეუბნებით, რომ – თქვენთვის კარი დაკეტილი გვაქვს, ჩვენ წაგართვით უფლება იყოთ არჩეულები, პირდაპირი წესით ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში. ბარიერი უნდა იყოს ნული, თუ ხუთი პროცენტი, ალბათ დასხდებიან პოლიტიკოსები და ამაზე ერთმანეთთან შეთანხმდებიან. მე კი ვისურვებდი, რომ ეს არ მოხდეს და პროპორციულ სისტემაზე ვთქვათ უარი. მე მაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი ამისა და მათ არგუმენტი არ გააჩნიათ. მათ აქვთ მხოლოდ სურვილი, როგორმე მოხვდნენ პარლამენტში, განსაკუთრებით, ის პატარა პარტიები, რომლებსაც სხვა არცერთ შემთხვევაში ექნებათ იქ მოხვედრის შანსი. ვიწრო პასუხისმგებლობას უნდათ, რომ ანაცვალონ ქვეყნის მომავალი,“- აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, აუცილებელია, თუმცა არა პროპორციული სიით.

„მე ვთვლი, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ – არა პროპორციული სისტემით. თუ საჭირო იქნება, გავაკეთებ განცხადებას, რომ არ გავეკარები საერთოდ პოლიტიკას, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს რეგულაცია ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები