“გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია, მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება” – არჩილ თალაკვაძე

“გერმანიის ელჩზე შეტევა მიუღებელია, მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

„ევროასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, ექვსი წლის შემდეგ, გერმანიის ელჩზე შეტევა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სრულიად მიუღებელია. ეს არის ძველი ოპოზიციის მხრიდან უხეში პოლიტიკური შეცდომა.

მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს, შეაფასონ შალვა ნათელაშვილის განცხადება და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი წლის შემდეგ, საქართველოს აქვს უფრო ძლიერი დემოკრატია, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტი და მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და გვაქვს სამოქმედო გეგმა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი უცვლელია!“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

მსგავსი თემები