გერმანიიდან საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობამ, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, გერმანიაში ქართველი არალეგალების კატასტროფულად მატების გამო განგაში ატეხა და პრობლემების მოგვარება ითხოვა, პრობლემა პრობლემად რჩება. გერმანიას უკვე სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის დარღვევაზე საუბრობენ და საკითხის მოგვარებას ითხოვენ. 24 იანვარს კი გერმანიიდან საქართველის 50-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს. ისინი გერმანიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და როგორც დევნილები, თავშესაფარს ითხოვდნენ.

​ამ ეტაპისთვის მოპოვებული ინფორმაციით, დაბრუნებულ მოქალაქეებს თავშესაფრის მიღებაზე შესაბამის უწყებაში განაცხადი ჩაბარებული ჰქონდათ, თუმცა, უარი მიიღეს. ამის მიუხედავად, გერმანიაში არალეგალურად ცხოვრებას აგრძელებდნენ. გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებული ქართველების წარმომადგენლის ინფორმაციით, ზოგი მათგანი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, ზოგი კი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

„საქართველოს მოქალაქეები გერმანიიდან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში დააბრუნეს. მათ თავშესაფრის მიღებაზე უარი მიიღეს. ზოგი მათგანი გერმანიაში 2 წელი ცხოვრობდა, ზოგი 5 წელი. მიზეზი არის როგორც ჯანმრთელობის პრობლემები, ისე მათი ეკონომიკური მდგომარეობა“ – აცხადებს ირმა ცირამუა.

თავშესაფრის მაძიებლებსა და არალეგალების პრობლემებზე „მედიაცენტრი მთავარი“ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო კომიტეტის მრჩეველ – კონსულტანტს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ელიკო წიკლაური-ლამიხს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ, უვიზო მიმოსვლის შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი კატასტროფულად მზარდია.

​„2017 წელს, შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად 35%-ით გაიზარდა. ეს კი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ბოლო პერიოდში, საქართველოდან განსაკუთრებით მამაკაცები ჩამოდიოდნენ დიდი რაოდენობით. ბოლო 4-5 წელია მათი რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ეს ის ხალხია, ვინც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს გერმანიაში. მათი ასაკი 18-30 წელია. მათ შესანიშნავად იციან, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუმცა, ისიც იციან, რომ მინიმუმ 1-2 წელიწადი გადამოწმების პერიოდი ექნებათ და გერმანიაში იცხოვრებენ. ამ პერიოდის განმავლობაში კი მათი გარკვეული ნაწილი დროს იხელთებს და დაკავებულია ქურდობით, სახლების გატეხვით და კრიმინალით. მსგავსმა შემთხვევებმა ბოლო პერიოდში ისე მოიმატა, რომ საგანგაშო შეიქმნა“, – აღნიშნა ელიკო წიკლაური-ლამიხმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები