გერმანია საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულებას გააფორმებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და გერმანელები დიდ იმედებს ამყარებენ, რომ ამით შეზღუდავენ არალეგალურ მიგრაციას.

როგორც პრეზიდენტის ზურაბიშვილი აცხადებს, ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია საფრანგეთთან, ამ ეტაპზე მუშავდება ის დარგები და დეტალები, რითაც შეიძლება ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა.

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ის საკითხები დ პრობლემები განიხილა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ.

პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს იმ პერსპექტივებზე ესაუბრა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას შეექმნებათ. ასევე, ყურადღება გაამახვილა, ე.წ. ცირკულარულ მიგრაციაზე, რაც გარკვეული პროფესიების მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის, გარკვეული დროით, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების უფლებით სარგებლობას გულისხმობს.

პრეზიდენტმა დიასპორასთან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხეებზე, ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე და საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე ისაუბრა.​ ​მოკლედ შეაჯამა არჩევის შემდეგ გამართული ვიზიტები ბრიუსელში, ავღანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან აქტიური საქმიანობა საგარეო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყო, რადგან საგარეო ურთიერთობები, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს უფრო მეტი და მჭიდრო თანამშრომლობისა და კონტაქტების განვითარების შესაძლებლობას.

“ჩვენ გვჭირდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, რადგან საქართველომ ახსნას თავისი პოლიტიკა, შეახსენოს საკუთარი თავი მსოფლიოს და დააყენოს გარკვეული საკითხები და მოთხოვნები. ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ძალიან დიდი გზა გავიარეთ. არასოდეს ვიფიქრებდი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ნებართვის მიღებას. მართალია, ზოგიერთი ქართველი სარგებლობს ამით და თავშესაფრის მოთხოვნით სურს ევროპაში დარჩენა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს საინფორმაციო კამპანიებს ამ მიმართულებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 

მსგავსი თემები