“გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“- პრეზიდენტი ოპონენტებს პასუხობს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარს სოციალური ქსელის მეშვეობით აკეთებს და აცხადებს, რომ ამ დღეს უმთავრესი რამ მოხდა, ექსპრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებსა და მათ მომხრეებთან შერიგებისკენ, საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა და განსჯის საგნად ის იქცა, რომ პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი კომენტარის გარეშე დატოვა და 9 აპრილს დაღუპულთა სიის ამოკითხვისას ეკა ბეჟანიშვილის გვარი გამორჩა.  

„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას …. იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით – დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

​შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სახელით, 9 აპრილთან დაკავშირებულ მიღებაზე, სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს გარდაცვლილი ეკა ბაჟანიშვილის გვარი შეეშალა, გარდა ამისა, მას გარდაცვლილთა გვარების წაკითხვისას თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა.

მსგავსი თემები