გაყიდული 20 ბინით ბინადრობა 100-მა უცხოელმა მიიღო – რა სქემით მოქმედებენ ბინადრობის მსურველები

სამშენებლო კომპანიების მიერ გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა უცხოელზე მიყიდული 20 ბინით ბინადრობა 100-მა უცხოელმა მიიღო.

დეველოპერული კომპანია “არსის” ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე, “ბინადრობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილების ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბინადრობის მიღების შემდგომ უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვა უნდა შეეზღუდოს, ან მსგავსი ინფორმაცია მიგრაციის სამსახურს მიეწოდოს და მას ბინადრობა შეუწყდეს. ამგვარად, შესაძლებელი იქნება რომ ერთი ბინის სანაცვლოდ 20-მა უცხოელმა ვერ მიიღოს ბინადრობა.

მისივე ინფორმაციით, უცხოელები ხშირ შემთხვევაში ქირით ცხოვრობენ. კომპანიის შიდა სტატისტიკის თანახმად, გაქირავებული ბინების 45% ქართველზე მოდის, 35% ირანზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი სხვა ქვეყნებზე.

აბულაძე იმედოვნებს, რომ ახალი კანონპროექტი დღეს არსებულ საკანონმდებლო “ხვრელებს” ამოქოლავს. მისი თქმით, ბუნდოვანია რას ემსახურება ქვეყანაში არსებული 35 ათას დოლარიანი ზღვარის 100 ათას აშშ დოლარამდე ზრდა. რადგან, ბინადრობის უფლებას არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ითხოვენ, საქართველოში კი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შედარებით დაბალი ფინანსური ვალდებულება იყო.

“თუ ჭერი 100 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება, რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი საქართველოში, როდესაც ასევე 100 ათასიანი ჭერი აქვს მაგალითად რუმინეთს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა… ამხელა თანხაზე საქართველო კონკურენციაში თუნდაც რუმინეთთან შედის და ამან შესაძლოა შემოსული თანხა შეამციროს. ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური 50 ათას აშშ დოლარალდე გაზრდაა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისინიც დავკარგოთ, ვინც შემოდის და ვკარგავთ ამ ტიპის შემოსავალს”, – აცხადებს აბულაძე.

მისი აზრით, ბინადრობის უფლების მისაღებად 100 000-მდე აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის დაკანონებით,  ისევ თბილისი „იჭედება”, რადგან რეგიონში უძრავი ქონება ამხელა თანხა არ ღირს, ამიტომ ბალანსის შესაქმნელად, ხელისუფლებას რეგიონებისთვის განსხვავებული პირობების შექმნას ურჩევს, სადაც ქონება უფრო იაფი ღირს.

თორნიკე აბულაძე იმ სქემას შიფრავს, რომლის მიხედვითაც უცხოელი ბინას ყიდულობს, შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ ბინადრობის უფლებას იღებს, შემდგომ კი ამ ბინას კვლავ უცხოელზე ყიდის. ბინის საყიდლად ჩადებული ინვესტიცია კი ხშირად ე.წ უცხოური სამაკლერო ან საბროკერო კომპანიების თანხაა, რომელსაც რეალურად ბინადრობის მიღების სანაცვლოდ იღებენ. „შესაბამისად, თანხა არ შემოდის ქვეყანაში, არამედ პრაქტიკულად 1000 აშშ დოლარად იღებენ უცხოელები ბინადრობას”, – აცხადებს აბულაძე.

​მისი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალი განათლების მქონე უცხოელებზე, თუნდაც IT, ფიზიკის, სამედიცინო თუ სხვა მიმართულების სპეციალისტებისთვის უფრო უნდა გამარტივდეს ბინადრობის მიღება და მივიღოთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინტელექტუალური რესურსი.

წყარო: “დიასპორა>გე”

მსგავსი თემები