გაფიცული მაღაროელები ყოველ დღე პირის ამოკერვით იმუქრებიან

ჭიათურაში, ერთ-ერთმა გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი საკუთარი ხელებით ამოიკერა. პროტესტი ამით არ სრულდება. იმ შემთხვევაში, თუ, ადმინისტრაცია გაფიცულთა მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის და მოთხოვნებს არ გაიზიარებს, პირს, ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს – ასეთია მაღაროელთა უკიდურესი პროტესტის ფორმა და გზავნილი.

ჭიათურაში, მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნები შემდეგია: ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ამ დროისთვის, კარვებში 15 მაღაროელი შიმშილობს, 3000 მაღაროელი კი პროტესტს აცხადებს.

მათ საწარმოდან მადნის გატანაც შეაფერხეს და იმ პერიმეტრსაც აკონტროლებენ, საიდანაც მაღაროდან მადანი გაჰქონდათ.

ამ დრომდე, მაღაროელებსა და ადმინისტრაციაც შორის მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო. კომპანია დათმობაზე მხოლოდ ნაწილობრივ მიდის დათმობაზე.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მათ დამცინავ, მინიმალურ ხელფასს უხდიან. მთავრობის ჩარევის შემდეგ კი ხელფასების 15%იანი ზრდა შესთავაზეს, რის შემდეგაც რეორგანიზაცია განხორციელდება, რეორგანიზაციის შემდეგ კი დარჩენილ თანამშრომლებს კიდევ 10%-ით გაუზრდიან. ეს პრინციპი მაღაროელებისთვის მიუღებელია. როგორც ისინი აცხადებენ, მათ კანონის ძალითაც ემუქრებიან, რომ მათ წინააღმდეგ სს საქმე აღიძვრება.

გაფიცულები, ამ დრომდე კარვებში რჩებიან. მათ სოლიდარობას ადგილობრივი მოსახლეობაც უცხადებს.

ადგილობრივები კი მათ სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათი გამარჯვება მთელი ქალაქის გამარჯვებაა.

მაღაროელებს სოლიდარობას საქართველოს ხელისუფლებაც უცხადებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, საკითხის მიმართ მთავრობა შეუპოვარი იქნება: „ ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ადამიანების მოთხოვნა, რომ მათ ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეთ, დაცული იყოს. ეს შეეხება რა თქმა უნდა, კვების ნორმალურ პირობებს, შრომის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების გაწევას და ყველაფერს, რაც ელემენტარული ღირსეული შრომის პირობების შემადგენელია. სახელმწიფო თავიდანვე ჩართულია ამ პროცესებში. კერძოდ, შრომის ინსპექცია ჩართულია მედიაციის პროცესში და ყველაფერი, რაც შრომის ღირსეული და უსაფრთხო პირობების ქონას შეეხება, ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. აქ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ჭიათურელების მოთხოვნას“.

გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმაც გამოუცხადა. „ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით. ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Eka Gulua










მსგავსი თემები