გაუქმდეს გუბერნიები და საკრებულოებს რეალურად გადაეცეთ ქონება – “ახალი მემარჯვენეები”

​პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რეალურად ფიქრობს ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე, უნდა გააუქმოს გუბერნიები და ადგილობრივ თვითმმართველობებს მისცენ საშუალება მართონ რაიონის ქონება და ფინანსები.

როგორც მედიაცენტრსმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა ნაჭყებიამ დღეს განაცხადა, საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში რეალურია დეცენტრალიზაციის განხორციელება. ის თვითმმართველი ქალაქებიც კი, რომელიც მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” შექმნა, გაუქმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საკრებულოებს დღეს, არ გააჩნიათ რეალური დამოუკიდებელი რესურსი, არ გვაქვს თვითმმართველობა. “ერთი შეხედვით რეფორმა თითქოს განხორციელდა, რომ ყველა თავის ქონებას მიიღებდა, მაგრამ ძირითადი ქონება კვლავ სახელმწიფოსია და მას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს, ამ თანხებს სამწუხაროდ ვერ იღებენ თვითმმართველობები”, – აცხადებს ნაჭყებია.

მისივე თქმით, ​მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხელისუფლება თუ ვერ განახორციელებს კარდინალურ ცვლილებებს, ძალიან გაუჭირდებათ არჩევნების მოგება, ამას ადასტურებს ბოლოდროინდელი მოვლენებიც, რამაც “ქართულ ოცნებას” შეურყია რეპუტაცია და რეიტინგიც.

“თუ მართლა ვფიქრობთ დეცენტრალიზაციაზე, ისეთი შუალედური რგოლი, როგორიც არის გუბერნია და გუბერნატორი საჭირო არ არის. პირდაპირი წესით ვირჩევთ ადგილობრივ საკრებულოებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, მივანდოთ მათ ქონებაც, ფულიც და რაიონების მართვაც და იმ თავიანთი მოვალეობების უშუალოდ შესრულება და არა გუბერნიერბის კონტროლით. ეს იქნება რეალურად გადადგმული ნაბიჯები”, – მიაჩნია მანანა ნაჭყებიას.

მსგავსი თემები