გაუქმდება თუ არა საატესტატო გამოცდები მეთორმეტე კლასში მიმდინარე წელს – მინისტრის პასუხი

„საატესტატო გამოცდების მოხსნა მიმდინარე წელს, მეთორმეტე კლასელთათვის, თავისთავად, ბევრ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, ეს ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ტელეიმედის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, განათლების სფეროს ექსპერტებთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც სისტემას არ დააზარალებს.

„მოიხსნება თუ არა საატესტატო გამოცდები მეთორმეტე კლასელთათვის წელსვე, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. დღეისათვის ჩვენ, ფაქტობრივად, ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ. წარმოვადგინეთ პროექტები, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში და სფეროს ექპერტებთან, უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია ბევრი სამუშაო. ჩვენი ხედვით, ეს რეფორმა 2020 წლიდან შედის ძალაში, ამიტომ რადგან ვლაპარაკობთ 2020 წელზე, მეთერთმეტე კლასი რომ არ გაგვეთვისუფლებინა გამოცდებისგან, რეფორმის ფარგლებში, რატომ უნდა დაგვეზარალებინა? რაც შეეხებაა მე-12 კლასს, უნდა გავაგრძელოთ სფეროს სპეციალისტებთან და საკანონმდებლო ორგანოსთან მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, – არ დავაზარალოთ სისტემა და არ დაგვემართოს მეორე უკიდურესობა, რაც ასევე რისკებს შეიცავს, რადგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, ნეგატიურად აისახოს სისტემაზე. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია გამოვიტანოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების ახალი მოდელის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დაანონსებას, რის მიხედვითაც საატესტატო გამოცდები მეთერთმეტე კლასელთათვის მიმდინარე წლიდან, მეთორმეტე კლასელთათვის კი მომდევნო 2020 წლიდან უქმდება, ამ უკანასკნელთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მეთორმეტე კლასელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. 

მსგავსი თემები