„გაუგებარია, აქციების გამო, ხელისუფლება რა დათმობაზე უნდა წავიდეს, ჩატარდეს რეფერენდუმი“ – მირიან წიკლაური

მმართველი გუ​ნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. დეპუტატმა აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან, დათმობაზე წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს.

„მოხდა ის, რაც მოხდა. ფაქტის წინაშე ვართ, ვერ გავიდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში რაშიც ვიყავით მანამდე – ანუ ივნისის მოვლენებამდე. ხელისუფლება დათმობაზე როგორ უნდა წავიდეს, კანონიერად რა ფორმები უნდა მიიღოს ამ დათმობამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ არსებობს რაიმე საშუალება, შესაძლოა ამაზე მსჯელობა. თუ ვიღაცას სურს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა წარმოაჩინოს,  ერთადერთი  საშუალება არის პლებისციტი და თუ საშუალება იქნება, რეფერენდუმი“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით,  პლებისციტი არის  გამოკითხვა რომელიც არაა სავალდებულო შემდეგ მისაღებად, ხოლო რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება სავალდებულოა.

„არ ვფიქრობ, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში პროპორციულის მხარეს გადაიხაროს გამოკითხვა. მართალი გითხრათ, რაიმე ცვლილებებს არ ველოდები. პოლიტიკური მდგომარეობა კი შეიცვალა, იმ პოლიტიკურ რეალობაში აღარ ვართ რაშიც ვიყავით ერთი დღით ადრე კენჭისყრის ჩატარებისა. შეიცვალა მას შემდეგ როცა კენჭისყრა ჩატარდა და ვერ გავიდა“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები