გასაწმენდია როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო – უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე 

უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ძველი კადრებისგან უნდა გაიწმინდოს, როგორც პროკურატურა, ისე სასამართლო, რომ საზოგადოებაში აღარ იყოს უსამართლობის განცდა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ნანა კაკაბაძემ დღეს განაცხადა, ​​როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმის გასამართლებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას სამართლიანი სისტემა. ასევე, უნდა დაითხოვონ ის მოსამართლეები, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ და უსამართლო გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ.

“სისტემა უნდა შეიცვალოს შიგნიდან. გარედან ეს შესაძლებელი რომ იყოს, მაშინ აღარ ექნებოდა მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი პროკურორი. თვითონ კარგად იციან, ვინ ასრულებდა დაკვეთებს პროკურატურაში, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მხოლოდ შიგნით შეიძლება ჰქონდეს პროკურორს ეს ინფორმაცია. შემდგომი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ხელისუფლებამ ეს არის სასამართლოების წმენდა და უკვე დროა, გაიწმინდოს სასამართლოები იმ მოსამართლეებისგან, რომლებიც ღებულობდნენ დაკვეთილ გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

​მისივე თქმით, ​პოლიტიკა არ არის ის, რაც ზედაპირზე დევს, ამდენად ზედმეტია დღეს მსჯელობა იმაზე, თუ რატომ გადადგა ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ნამდვილი მიზეზი შესაძლოა წლების შემდეგ გახდეს ცნობილი.

​არ არსებობს ქვეყანა სადაც ხელისუფლებას არ ექნება თავისი ინტერესები პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვნია, როგორია საზოგადოება და რის საშუალებას აძლევს ის ხელისუფლებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ მათ ძირეული ცვლილებები დაიწყეს, შეცვალეს პრემიერი, ეს უკვე იმის მესიჯი იყო, რომ ქვეყანაში რაღაც ძირეულად უნდა შეიცვალოს; იცვლება მთავარი პროკურორი, ეს მეორე მესიჯია, რომ სამართლიანობის მიმართულებით ცვლილებები იწყება. დიდი იმედი მაქვს, რომ ცვლილებები სასამართლოშიც დაიწყება და ის მოსამართლეები, რომლებიც დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენგანთავისუფლებიან“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, 3 – 4 დამნაშავე ყველა ხელისუფლებას შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს სისტემური ხასიათი.

მსგავსი თემები