“გასათვალისწინებელია, აქვთ თუ არა ამ კანდიდატებს მორალური უფლება, იყვნენ მოსამართლეები” – გია აბაშიძე

“მე არ დამაინტერესა ამ მოსამართლეების ბიოგრაფიამ, მე უფრო გამიჩნდა შეკითხვები, რომ მათი თვითშეგნება, გაბედულობა, თუ უტიფრობა, მათი წარსულიდან გამომდინარე, რამდენად შეეფერება დღევანდელ მოცემულობას,“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა.

აბაშიძე ვარაუდობს, რომ არასასურველმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, მმართველი გუნდიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატის წასვლაც დააჩქაროს, რაც გუნდზე უარყოფითად აისახება:  

„მმართველმა გუნდმა უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. არის შეკითხვები მოსამართლეობის ზოგიერთი კანდიდატის წარსულთან, გამოცდილებასა და ერუდიციასთან დაკავშირებით, რაც უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ ვიხილეთ საჯარო მოსმენების უნიკალური შემთხვევა, რაც ასევე, დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ძალიან კარგი პროცესი იყო. უნდა გაითვალისწინონ ამ მოსმენების შედეგები, გარდა ამისა, უნდა ეცადონ, არ შეიტანონ შფოთი მმართველ გუნდში და არ დააჩქარონ ზოგიერთი პოტენციურად წამსვლელი დეპუტატის წასვლა გუნდიდან, რაც მათზე უარყოფითად აისახება. ჩვენ ვიცით, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლო რეფორმა გადაწყვიტა ევოლოციური გზით და არა რევოლუციური რადიკალურობით. ზოგიერთი კანდიდატი ამბობს, რომ მათი გადაწყვეტილებები შეესაბამებოდა კანონებს, მაგრამ არსებობს მორალური მხარე, აქვთ თუ არა ამ კანდიდატებს მორალური უფლება, იყვნენ სისტემაში, – ეს მეორე საკითხია,“- აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, შესაძლოა, პროტესტის ფონზე წარიმართოს, თუმცა, პროტესტი არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს:

„ნებისმიერი პროტესტი მისაღებია კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, მაგრამ როგორც კი დაიწყება ბლოკირება, დეპუტატებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იქ უკვე იმოქმედებს კანონი. ასეთივე კანონი მოქმედებს ევროპის ქვეყნებშიც, – პარიზში, ლონდინში, ბერლინში, თუნდაც, ამერიკაში. როდესაც ირღვევა კანონი, ამას არ დაუშვებენ! იმედია, არის ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილიც და ეყოფათ ამის შეგნება, რომ არ გადასცდნენ კანონიერების ჩარჩოებს,“ – განუცხადა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ხვალ, 12 დეკემბერს დაამტკიცებს.

მსგავსი თემები