“გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას გავაფართოვებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ტესტების მარაგების შევსებაზე მუდმივად მუშაობას და დამტებით მარაგებს კვლავ ელოდებიან.

„ტესტების ახალ მარაგს ჩვენ ველოდებით, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მარაგების შევსებაზე. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ბოინგი, რომელიც დატვირთული იყო 52 ტონა ტვირთით და ამ ტვირთით ჩვენ მივიღეთ, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე 40 ათასი პისიარ ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 20 ათასი სწრაფი ტესტი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების საკითხზეც ისაუბრა.

„გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ასევე, გუშინ, გვქონდა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა გარკვეული გაფართოებების შესახებ, თუმცა ტესტირების გაფართოების დეტალები ჩვენ უნდა დავაზუსტოთ ჩვენს ქვემდებარე უწყებასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ამ დღეებში ჩვენ მათთანაც გვექნება შეხვედრა, რის შედეგადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მხრიდან, უკვე კონკრეტული დოკუმენტის შემუშავების შემდეგ, გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას გავაფართოვებთ“, –  განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები