გარდაბნის მუნიციპალიტეტში 35 000 ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება  

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, წყალმომარაგების პროექტი განხორციელდება. პროექტის ღირებულება 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მისი დასრულების შემდგომ, ნორიოში, მარტყოფში, ახალსოფელში, ახალ სამგორსა და ვაზიანში მცხოვრები 35 000 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება. ბოლო წლების განმავლობაში, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მთავრობის თანადაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, რითიც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე მომხმარებელს, ამ ეტაპზე კი, დამატებით, 30-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ წყლის მიწოდება კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუმჯობესდება.

„ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა წყალმომარაგების 100-ზე მეტი პროექტი. ეს გახლავთ 6 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები, რაზეც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და მთავრობის თანადაფინანსებით, დაიხარჯა 470 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, წყლის მოწოდება გაუუმჯობესდა 200 ათასამდე მომხმარებელს, მათ შორის, 70 ათასზე მეტი აბონენტი უკვე სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა სირთულისა და მასშტაბის 30-ზე მეტი პროექტი და მათი დასრულების შემდეგ კიდევ 300 ათასამდე მომხმარებელს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლისთვის ნახევარ მილიონ ადამიანს მოეხსენება 24-საათიანი წყალმომარაგების პრობლემა,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი თემები