„განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები“ – დავით ზალკალიანი ბერლინის ფორუმზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,  ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა და  საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსაცია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო – იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ“ – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ეთნიკური ქართველები ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაცდელში არიან.

„სამწუხაროდ, განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწას, მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს.“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.

მსგავსი თემები