განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა- შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის (ორი ეპიზოდი) ტ.ი. დამნაშავედ ცნო.

ამავე განაჩენით ასევე ე.ჯ. დამნაშავედ იქნა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ტ.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ და 2019 წლის 27 მარტს 0,1156 გრ. – 400 ლარად, ხოლო 2 აპრილს 0,1475 გრ. 500 ლარად გაასაღა მოქალაქეზე.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ტ.ი.-მ და ე.ჯ.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ტ.ი. 137,15 გრ., ხოლო ე.ჯ. 147,36 გრ. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 2019 წლის 22 აპრილს ქ.თბილისში დააკავეს.

ტ.ი.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი არაერთგზის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი) და არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), ხოლო ე.ჯ.-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინათ. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ი. და ე.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ი-ს 12 წლით, ხოლო ე.ჯ-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მსგავსი თემები