განათლება ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს – პრემიერ-მინისტრი   

პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძის მოსაზრებით, განათლების სექტორი ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, ის დაახლოებით სამჯერ უნდა გაიზარდოს და მასზე მთლიან შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11% უნდა მოდიოდეს.

როგორც მამუკა ბახტაძემ ფეისბუქში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, აბიტურიენტებთან დაკავშირებით კომპლექსური და ამბიციური გეგმები აქვს, რაც ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იგეგმება განათლების რეფორმა, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი ცოდნა საკუთარი სამშობლოს განვითარებას მოახმარონ.

” მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ამ რეფორმის რეალიზაციის რამდენიმე ეტაპი გვექნება. საქართველოში შეიქმნება ის ადამიანური კაპიტალი, ის ცოდნა, პირობები, რომ ადამიანები რჩებოდნენ და თავიანთ ნიჭს და ტალანტს ახმარდნენ საკუთარი სამშობლოს განვითარებას. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. ვფიქრობთ, სიღარიბეს დავძლევთ იმ ეკონომიკური პროგრამით, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი, მაგრამ აქვე იმასაც ვამბობ, რომ ვერასოდეს შევიყვანთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ განათლების სექტორს არ ექნა დომინანტი პოზიცია და ამ შემთხვევაში მთლიანი ეკონომიკის 10-11%“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა სკოლამდელ განათლებაზეც ისაუბრა და დიდ შეცდომად შეაფასა ის, რომ ბაგა-ბაღები არ მიიჩნევა განათლების სისტემის კომპონენტად.

მისივე თქმით, ახალი რეფორმის ფარგლებში ეს საკითხიც გამოსწორდება. ბაღებში მომუშავე პერსონალი და მასწავლებლები განათლების სისტემაში მომუშავე მასწავლებლებად ჩაითვლებიან და მათი ანაზღაურებაც განათლების სისტემაში არსებული პრინციპების შესაბამისად დაანგარიშდება.

მსგავსი თემები