“განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა” – “იმედი” შეფერხებით მუშაობს

სავარაუდოდ, ჰაკერული შეტევის გამო, ტელეკომპანია „იმედი“, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში გათიშული იყო, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.

ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები. „იმედის“ იურისტის, ანდრო ლაშხის თქით, ზარალი დიდია.

„ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ, ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ”, – აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.

კიბერუსაფრთხოების კონსულტანტები აცხადებენ, რომ 2008 წლის შემდეგ მსგავსი კიბერშეტევა არ მომხდარა და შესაძლოა, ის საზღვარგარეთ დაიგეგმა.

რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე დღეს ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებ-გვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

მსგავსი თემები