გამოცდების დუბლირების აღმოფხვრა არის საკითხი, რომელზე 2 წელია ვმსჯელობ – მარიამ ჯაში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები გაბედულ ნაბიჯებად შეაფასა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

„2019-20 წლებისთვის დაგეგმილი ეროვნული გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ კომიტეტი ბევრად უფრო აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული წინადადებების განხილვაში. ჩვენ აპრილის ბოლოსთვის ველოდებით სამუშაო ვერსიას“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მას სწორ და გამართლებულ ნაბიჯად მიაჩნია მინისტრის გადაწყვეტილება, რომ მეოთხე გამოცდის არჩევანის გაკეთების ავტონომია მიენიჭოს უმაღლეს სასწავლებლებს.

„მშობლიურ ენასა და უცხო ენაში გამოცდის სავალდებულობა არის აბსოლუტურად მართებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაფართოოთ არჩევანის შესაძლებლობა ჰუმანიტარულ და ტექნიკურ საგნებთან მიმართებაში. მე შევხვდი ქიმიის, გეოგრაფიისა და სხვა საგნების პედაგოგებს და მათ ჰქონდათ საერთო წუხილი.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით საერთო პოზიციას, რომელიც იქნება შეჯერებული და რომელიც თანაბარ პირობებში ჩააყენებს პედაგოგიურ კორპუსს “, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა არის თანხვედრაში საერთაშორისო ტენდენციებთან. იგი ორიენტირებული იქნება განათლების ხარისხზე და არა გამოცდების პროცესზე.

“ვფიქრობ, რომ სკოლას და უნივერსიტეტს უნდა მიეცეს უფრო მეტი ავტონომია, თუმცა უფრო მკაცრი კოლეგიალური ზედამხედველობის პირობებში. გამოცდების დუბლირების აღმოფხვრა იქნება გარანტირებული. ეს არის საკითხი, რომელზე პირადად მე 2 წელია ვმსჯელობ, თუმცა მიხეილ ბატიაშვილი აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელმაც შეძლო ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები