“გამორჩეული მოსწავლე იყო, კლასის ჰიმნი 5 წუთში ზეპირად შეთხზა”- მე-100 სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოსწავლეზე

„აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული… მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“,- ასე ახასიათებს 15 წლის გარდაცვლილ მოზარდს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ლუკა სირაძე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

მისი თქმით, ლუკა გამორჩეული მოსწავლე იყო და მცირე დროის განმავლობაში, ბევრი დადებითი თვისება გამოავლინა:

„არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ბავშვი იყო. შემიძლია დავახასიათო როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე – აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული. სასკოლო აქტივობებში, ღონისძიებებში სულ ყოველთვის ჩართული იყო. არცერთი დღე არ გაუცდენია სკოლა ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მეგობრული იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის კლასელებთან და მასწავლებლებთან. ამ ორ თვეში ისე მოახერხა, რომ ყველა იცნობდა.

არასდროს ამ სკოლის კედლებზე არანაირი წარწერა არ შემინიშნავს. რაიმე პროტესტი რომ ჰქონოდა, თავისთავად ცხადია, აქაც რაღაცნაირად გამოავლენდა.

ერთი დღეც არ გაუცდენია სკოლა. კლასს ჰიმნი დაუწერა, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ჩაწერა იმიტომ, რომ 5 წუთში ზეპირად შეთხზა. თვითონვე უნდოდა, რომ კლასის ჰიმნი შეექმნა. იკითხეს, რა ღირდა ჰიმნის შექმნა და რომ გაიგეს ძვირი იყო – რა უნდა კლასის ჰიმნის შექმნასო, დაჯდა და დაწერა. ძალიან კარგად სწავლობდა.

სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, წინა დღით სკოლაში იყო. მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“, – განაცხადა მე-100 სკოლის დირექტორმა თეა კალანდაძემ.

მსგავსი თემები