გაკონტროლდება ინტერნეტის ხარისხი, რამდენად დაცულია მომხმარებლის უფლებები – კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გეგმავს, გააკონტროლოს ინტერნეტის ხარისხი, იმის დასადგენად, მიეწოდება თუ არა ის მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. გადაცდომების შემთხვევაში კომისიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება.

როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა და მონიტორინგი უახლოეს მომავალში დაიწყება.

მისივე თქმით, კომისიას საბითუმო ბაზარზე ტარიფების რეგულირებისა და ასევე ინტერნეტის ხარისხის კონტროლი 3-6 თვის შემდეგ უნდა დაეწყო, რაც მოიცავს საცალო ბაზრის კვლევას, ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების მიმართულებით. თუმცა, ოპერატორებმა ტარიფების ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებით ეს პროცესი დააჩქარეს. კერძოდ, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ საბითუმო მომსახურებაზე ტარიფების შემცირებით ოპერატორებს მობილური და ფიქსირებული მომსახურების საცალო ტარიფების შემცირების შესაძლებლობა მიეცათ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებს ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, პირიქით, შპს „მაგთიკომმა“ და სს „სილქნეტმა“ მობილური და ფიქსირებული ქსელის მომსახურებებზე საცალო ტარიფების გაზრდა დააანონსეს და საბითუმო ბაზრით საცალოზე კონკურენციის მიღების პროცესში, ფასების გაზრდას შეეცადნენ”, – აცხადებს კახა ბექაური. 

კვლევის დასრულების შემდეგ იგი, გარკვეულ მომსახურებებზე ზღვრული ტარიფების შემოღებას არ გამორიცხავს.

”საბითუმო ბაზარი არის მთავარი სამიზნე და კომისია სწორად მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ ვინმემ მნიშვნელოვანი ძალაუფლება არამართლზომიერად გამოიყენოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტი და კომპეტენცია, იმისთვის, რომ ოპერატორებს არაკანონზომიერი ქმედებების განხორციელების უფლება არ მივცეთ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მსგავსი თემები