„გაზპრომთან“ მოქმედი კონტრაქტის გადახედვის შედეგად, გაზის ტარიფი 15%-ით შემცირდა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე დაახლოებით 15%-ით იკლებს ფასი. ნათია თურნავას განცხადებით, კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად დაიკლებს როგორც აზერბაიჯანული „სოკარი“, ისე რუსული „გაზპრომი“.

„მომავალში, შესაძლოა ფასის კიდევ შემცირებაც, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის დაკლების ერთ-ერთი პირობაა.

„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციის და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან“ უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რაც ფასის დაკლებას ემსახურება“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები