გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობა უნდა დასრულდეს – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის თუ სხვადასხვა დაუდევრობით ადამიანების სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები.

​მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, თბილისში მხუთავი აირით გარდაცვლილი შვიდი ადამიანის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე. მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ისე მომხმარებლებს. 

“რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე, აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები