“გაზარდეთ თქვენი შვილები საქართველოში” – ემიგრანტი დედის რჩევა მშობლებს

საბერძნეთში, ემიგრაციაში მყოფი დედა, თეონა ნაცვალაძე, იმ ქართველებს, რომლებიც ოჯახებით ევროპაში აპირებენ გამგზავრებასა და ბავშვების ევროპულ სკოლებში გადაყვანას, ურჩევს, რომ შვილები საქართველოში გაზარდონ, ვინაიდან, განათლების სისტემა აქ ბევრად უკეთესია. 

როგორც თეონა ნაცვალაძე სოციალურ ქსელში წერს, საბერძნეთში, სკოლებსა და ბაღებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, იქ უფასო არც სახელმძღვანელოები და არც კვებაა. ამასთან, მისი თქმით, იქ არანაირი ხელშეწყობა მშობლისთვის არ არის.

“მეტად საინტერესო ინფორმაციაა იმ ადამიანებისთვის ვინც, ევროპაში გადმოხიზვნას აპირებს ოჯახიანად და პატარების გადმოყვანას ევროპულ სკოლებში. იმ მშობლებს მინდა თვალები ავუხილო, ვისაც ევროპა მხოლოდ “ბრჭყვიალა” ფერებით გესახებათ და გგონიათ, აქ ევროებს ხეზე ვკრეფთ, ან თქვენი შვილები უკეთეს პირობებში და სკოლებში ისწავლიან, ვიდრე საქართველოში. პირიქით, მეგობრებო, პირიქით და ეს მე ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სამინისტრომ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ, შეძლო, ბავშვებს ელემენტარული კომფორტი დახვედროდათ სკოლებსა და ბაღებში. ძალიან მახარებს, როცა ფოტოებიდან ვხედავ გაკრიალებულ ახალ სასწავლო მერხებს. ყველა პირველ კლასელს ახალ-ახალი ლეპტოპი უდევს მაგიდებზე. წიგნები ყველა ბავშვს უფასოდ გადასცეს და ამით უამრავ ოჯახს აარიდეს დამატებითი ხარჯები, რაც თითქმის, ერთი ოჯახის მთელი თვის საარსებო მინიმუმი ჯდებოდა.

ყოჩაღ, საქართველოს. საჯარო ბაღები სრულადაა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, მინიმუმ ორჯერადი კვებით. 20 ბავშვიან ჯგუფში მინიმუმ ორი მეთვალყურე, ერთი მასწავლებელი და ერთიც ძიძა ჰყავთ. გაკვეთილების ხანგრძლივობა დილის 9 საათიდან – საღამოს 6 საათამდეა, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, ნორმალურ სამსახურში დასაქმდნენ და დროში არ იყვნენ შეზღუდულები. 

ახლა მე გეტყვით რა ხდება ევროპულ სკოლებში, კერძოდ, საბერძნეთში, რაც თქვენ მანდ საქართველოდან “ბრჭყვიალა” ფერებში გესახებათ. 

1) სკოლებსა და ბაღებში სწავლა დილის 08:15 საათზე იწყება და შუადღის 13:00 საათზე მთავრდება. ნუ რა სამსახური უნდა ნახოს მშობლებმა, რომ მოასწროს ნორმალური თანხა გამოიმუშაოს და თან, პირველ საათზე ბავშვი გამოიყვანოს სკოლიდან. აქაური საცობებისა და ტრასპორტის მუშაობას თუ გაითვალისწინებ, ჩათვალეთ, 2 საათი მარტო გზაში გჭირდება.

2) ბაღში არანაირი კვება, ახალი ინვენტარი და სუფთა მერხები არ არის. არასაკმარისი მერხების გამო, ზოგიერთ ბაღში, მხოლოდ სკამებზე სხედან ბავშვები, რომ ელემენტარული სკოლები მაინც დააკმაყოფილონ მერხებით. არანაირი უფასო სახელმძღვანელოები, ლეპტოპები საჩუქრად, არანაირი ძიძები მასწავლებლის დამხმარედ ბაღებში არ არის. ერთი მასწავლებელი უვლის ჯგუფში 24 ბავშვს. საჭირო ოთახში მარტო უნდა წავიდეს 3 წლის ბავშვი დამხმარეს გარეშე რომელსაც, ვეებერთელა დერეფანი აქვს გასავლელი. 

დღეს კრებაზე ასეთ რამეს ვისმენ, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დაისვრება, სასწრაფოდ მშობელი უნდა გამოცხადდეს ბაღში ან სკოლაში და გამოუცვალოს. ანუ წარმოგიდგენიათ, თუ მშობლები მუშაობენ, როგორ უნდა გაჩნდნენ ეგრევე იქ, რომ მისი შვილი შუა დღის პირველ საათამდე “ჩაფსმული” შარვლით არ დარჩეს მეგობრების დასაცინად. კატეგორიულად აცხადებს მასწავლებელი, რომ კანონი მას არ ავალდებულებს ბავშვის გამოცვლას და ის უნდა დაელოდოს მშობლის მოსვლას.

ზამთარში გათბობისთვის იმხელა თანხა უნდა გადაიხადონ მშობლებმა, ნავთობის შესაძენად, რომ ჯობია, სულ სახლში დაისვა ის შენი შვილი. ამასთან, ერთ ჯგუფში ზის და ერთად სწავლობენ ერთნაირი მეთოდითა და პროგრამით.

და ეს გაკვირვებთ ევროპისკენ გულანთებულო, ანგაჟირებულო მშობლებო? საქართველოში ბევრად უფრო კომფორტული გარემოა თქვენი შვილებისთვის, ყველა კუთხით, დამიჯერეთ, და ამას სანამ პრაქტიკაში არ გამოცდით მანამდე ვერ მიხვდებით!

მარტო რაც თეთრი შურით შეიძლება შეგშურდეთ ევროპული სისტემის, ესაა ჯანდაცვა. დროული აცრები, ბავშვების ჯანმრთელობის სისტემატიური კონტროლი, ანალიზები, რის შედეგადაც აცილებულია უამრავი ადავსახსენებელი ვირუსები, რაც პირიქით, საკმაოდ ხშირად გვხდება საქართველოში – ეს იქნება H1N1 ე.წ ღორის გრიპი, მენინგიტი,ლეიკემია თუ ასე შემდეგ. აი, მხოლოდ ამ კუთხით გვჯობია ევროპა და კარგი იქნება თუ დავიხვეწებით. დანარჩენი დამიჯერეთ, ქართველებო, მანდ ჯობია.

ფოტოები არ გადამიღია, თორემ დარწმუნდებოდით, როგორ დაჩხაპნილ მერხებთან ისხდნენ საცოდავად პატარები და უხერხულად ილუკმებოდნენ სახლიდან “კონტეინერით” მოტანილ სამხარს. როცა საქართველოში ყველა საჯარო და კერძო ბაღებში საკვები უფასოა და მშობლები არ ზრუნავს ამაზე.

დააფასეთ თქვენი, სანამ დროა, თორემ, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით მერე გვიანი იქნება სინანული. გაზარდეთ შვილები საქართველოში და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც მართლა დიდი რესურსი აქვს იმისა, სწორი მენეჯმენტის პირობებში, რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყანასაც გაუწროს. ხოდა, ყველაფერ ქართულს გაუმარჯოს, რომელიც ასჯერ ჯობია ევროპულს. თვალები გავახილოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ”, – წერს თეონა ნაცვალაძე.

მსგავსი თემები