„გავაუმჯობესეთ მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას მიაღწია, როგორიც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ ჰქონია. საქართველოს კანონის უზენაესობა კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერდება.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ პარტნიორებსა და მტრებსაც თვალნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს შეუძლია წარმატებით განახორციელოს სახელმწიფოს მშენებლობა… გავაუმჯობესეთ ჩვენი მმართველობა, აღმოვფხვერით კორუფცია, ვებრძვით კრიმინალს და ეს ნაბიჯები არ გადადგმულა ადამიანის უფლებებისა თუ პოლიტიკური თავისუფლების ფუნდამენტური პატივისცემის დათმობის ხარჯზე. ინსტიტუტების გაძლიერებით, საქართველომ მიაღწია ისეთი ხარისხის შიდა სტაბილურობას, რომელიც ქვეყანას არ მიუღწევია ბოლო 25 წლის მანძილზე. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავეა, თუმცა წინაათწლეულებისგან განსხვავებით, არცერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა არ აცხადებს მთავრობას არალეგიტიმურად ან არადემოკრატიულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საკონსტიტუციო რეფორმაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებით დასრულებით, კანონის უზენაესობის სულ უფრო გაძლიერების ტენდენცია შეუქცევადი გახდა.

მისივე თქმით, საქართველოში კანონის უზენაესობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ძლიერდება. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით დასრულებით კი ეს ტენდენცია უკვე შეუქცევადი გახდა. საქართველო დღეს უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა. საფრთხის მომცველი სუპერ-საპრეზიდენტოდან უფრო დაბალანსებულ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა არ იყო ადვილი.

“მანამდე არსებული საკონსტიტუციო სტრუქტურა არამყარი და მერყევი იყო და აკლდა ძალაუფლების გადანაწილების ფუნდამენტური დებულებები. 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმით, პარლამენტის საკონსტიტუციო როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, მოახდენს მომავალში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალის უზურპაციის პრევენციას. დღეს ჩვენი შემდეგი ამოცანა არის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება სამთავრობო უწყებებზე. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები მიმართულია ჩვენი ეროვნული საკანონმდებლო ხელისუფლების, რაც ქართული დემოკრატიის აკვანი იყო,გაძლიერებისა და ეფექტურობისაკენ. საკონსტიტუციო რეფორმა არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისათვის. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ხელისუფლებამ განახორციელა მთავარი საკანონმდებლო რეფორმა, რომლითაც მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა კი არ გაიზარდა, არამედ ოპოზიციას მიენიჭა უკეთესი შესაძლებლობა 2020 წლისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში უფრო ეფექტური კონკურენციისათვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით არა ალტრუისტული მიზეზებით, არამედ პოლიტიკური სტაბილურობისა და ხელისუფლების უფრო მეტი ლეგიტიმაციის მიზნით, რაც ასე ძალიან აკლდა საქართველოს პოლიტიკას წინა ათწლეულებში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

​მისივე შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობას უკვე აქვს თავისუფალი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, როგორც საუკეთესო რეფორმატორის მმართველობის თითქმის ყველა ასპექტში.

მსგავსი თემები