“ხალხს მოვუწოდებთ, გამოვიდნენ არჩევნებზე” – მანუჩარ მაჩაიძე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ერთვება

ვეტერანი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება და აცხადებს, რომ ზურაბიშვილს კანდიდატურა უფრო მისაღებია მისთვის, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის.

“გადავწყვიტეთ მივსულიყავით “ქართული ოცნების” ოფისში და მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა მათი კანდიდატისთვის, რადგან ქვეყანაში დღეს საგანგაშო მდგომარეობაა. შესაძლოა მოქალაქეებს შორის დაპირისპირება, რაც ჩვენ არ გინდა. მე, ჩემი მეგობრები და დანარჩენი ფეხბურთელებიც, ყოველთვის ვიყავით ჩვენი სამშობლოს პატრიოტები. არ გინდა ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება ხალხს შორის. 90-იან წლებში გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, ამაზე საშინელება არაფერია. გვინდა, რომ წყანარად ჩატარდეს არჩევნები, ჩვენი და პირადად ჩემი სურვილია გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა”, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” სტუმრობისას.

მისივე თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები პარტია “ქართული ოცნები” მხარდამჭერები იყვნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, რადგან ის დადებით პოლიტიკურ ძალად მიაჩნიათ.

” შეიძლება ხალხის გარკვეული ნაწილისთვის “ოცნებამ” ვერ შეასრულა ის დაპირებები, რასაც იძლეოდა, მაგრამ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი გამოასწორებენ ხარვეზებს და უკეთესობისკენ წავა მდგომარეობა. ჩვენი გეგმა ასეთია, გავალთ ხალხში, მოვუწოდებთ, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე და შეასრულონ თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მისცენ ხმა იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მისაღებია. იდეალური კანდიდატები არც ერთ არჩევნებში არ არსებობენ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო მეტი დადებითი აქვს ვიდრე მის მოწინააღმდეგეს”, – განაცხადა მანუჩარ მაჩაიძემ “მთავარში“.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” რევანშისთვის ემზადება, რაც კარგად ჩანს მათ განცხადებებში.

მსგავსი თემები