„გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსულ მხარესთან აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო“ – სიმონ ნოზაძე

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპასთან მენტალურად ახლოს ვიყოთ,  საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის უფლება არ გვაქვს.  როდესაც კანონი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებასთან, ასეთ შემთხვევაში, საერთაშორისო ვალდებულებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“, მაისში რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.    

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ განაცხადა, მინისტერიალის ფარგლებში, რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტი საერთაშორისო ვალდებულებაა.

„გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქტიური წინასაარჩევო თანამშრომლობა დაიწყო რუსულ მხარესთან. შეგახსენებთ, რომ მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალი გაიმართება საქართველოში. ევროსაბჭოს ყველა ქვეყნის მინისტრი მოწვეული იქნება და უნდა ჩამოვიდეს. ამ შემთხვევაში, მასპინძელი არის არა ქართული მხარე, არამედ ევროსაბჭო. ის წყვეტს, ვინ მოიწვიონ და ვინ არა. რუსეთი კი ამ საბჭოს წევრია. თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპასთან მენტალურად ახლოს ვიყოთ, მაშინ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულების დარღვევის უფლება არ გვაქვს. მესმის, რომ რომელიმე წევრს აქვს ჩვენი კანონი დარღვეული, როდესაც ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებასთან, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო ვალდებულებით უნდა ვიხელმძღვანელოთ“ – განცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტზე, რომელსაც ნინო ბურჯანაძე წარმოადგენს და აღნიშნა, რომ ის ჩადის რუსეთში, აქვს შეხვედრები, თუმცა, ამ შემთხვევებზე ოპოზიცია არ ხმაურობს.

„ოპოზიცია ძალიან კომფორტულად თანამშრომლობს რუსულ მხარესთან. როდესაც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებიან ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და შემდეგ მათი ერთ-ერთი ლიდერი ქ-ნი ნინო ბურჯანაძე მიემგზავრება რუსეთში, ბუნებრივია, ამ საკითხზე მსჯელობა იქნებოდა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე. ნუ იქნებით მიამიტები. რომ ჩამოვიდა, ერთგვარ ანგარიშს ჩააბარებდა ლიდერებს. დააკვირდით, ერთხელ მაინც თუ გამოთქვეს პროტესტი იმის გამო, რომ ქ-ნი ნინო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, წავიდა შეხვედრების ჩასატარებლად რუსეთში“ – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა თანამშრომლობს რუსულ მხარესთნ და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან კოორდინირებულად ხდება.    


მსგავსი თემები