გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღო

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებს, გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” სავარაუდოდ გურჯაანში გადაიტანს, სადაც პოლიციის მიერ დაკავებული, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 დეკემბერს დადგმული კარვები, გუშინ ღამით აიღეს.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, ე.წ. მართვის ცენტრი ხვალიდან გურჯაანში გადააქვთ, სადაც მათი თანამებრძოლის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ვაშაძე მოუწოდებს მხარდამჭერებს დღეს დილიდან შეიკრიბონ სასამართლოს შენობასთან და პროცესის დასრულებამდე იქ დარჩნენ.

“გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია, გურჯაანის სასამართლოსთან შემოგვიერთდეს, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით ჯერ, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, სანამ პროცესი არ დასრულდება“,- განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ვაშაძის თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში.

გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ხვალინდელი შეკრება მშვიდობიანი იქნება და მსგავსი ტიპის აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, იმის მიხედვით  რა პროცესები იქნება ქვეყანაში.

17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი თემები