გაერთიანებული ოპოზიციის 5-კაციან ჯგუფთან მოლაპარაკების გამართვა წარმოუდგენელია – კობა ნარჩემაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი წარმოუდგენლად მიიჩნევს ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს გაერთიანებული ოპოზიციის ხუთკაციან ჯგუფთან, როგორც ეს პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გუშინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც კობა ნარჩემაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება იმსახურებს საღ შეფასებებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეს, არ არის პოლიტიკური კრიზისი და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, ცდილობს მოსახლეობა საწინააღმდეგოში, მათზე ინტელექტუალური ძალადობის გზით დაარწმუნოს.

“ადამიანების გონებაზე ძალადობა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2004 წლიდან დაიწყო დღევანდელობაში გადმოინაცვლა, ამაში ჩართულია მედიასაშუალება. სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რაც დღეს ხდება. თავის დროზე, მათი ტრენდი იყო გადაბრალება და საზოგადოება ამას იღებდა. დაახლოებით ამ კონტექსტში ჯდება მათ მიერ დღეს წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა. ძალიან უნდათ, რომ მათი გაერთიანება გასაღდეს გაერთიანებულ ოპოზიციად”, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა “მთავარში“.

მისივე შეფასებით, 28 ნოემბრის არჩევნები იყო წინააღმდეგობრივი არჩევნები და ის, პირდაპირ პროპორციულად პასუხობს ამომრჩევლის განწყობას.

“არა შევ-თეთრი არჩევნების პირობებში ეს ხმები სრულებით სხვანაირად გადანაწილდება. ეს იყო წინააღმდეგობის არჩევნები, რომლის დროსაც ერთმა ჯგუფმა უარი უთხრა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას.​ ​წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორ შეიძლება დაჯდეს ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებზე. ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი, ეს არის მცდელობა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დაარწმუნონ ამაში მოსახლეობა”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.

მსგავსი თემები