“გადასახადებს თეთრი თეთრში ვიხდიდი” – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი გადასახადებს იხდიდნენ იქამდე, სანამ ყადაღას დაადებდნენ, მეტიც, მისი თქმით, ყადაღის პირობებშიც თეთრი თეთრზე იხდიდნენ დაკისრებულ გადასახადებს.

როგორც ნიკა გვარამია აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმა ფინანსთა სამინისტროს ყადაღის მოხსნის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ვალდებულებებს არ აღიარებენ. ჩვენ ვიხდიდით, ვიდრე ყადაღა არ დაგვანგრევდა, და ყადაღის პირობებშიც ვიხდიდით ზუსტად თეთრი თეთრში გადასახადებს. ვინც მიჩივის, იმის ქმარი არ იხდიდა, ის იყო მაშინ დირექტორი და ხელისუფლებაც მისკენ იყო, რომელმაც გადასახადები გაუნულა. ვიხდიდი, ვიდრე შეუძლებელი არ გახდა ერთდროულად გადასახადებისა და ჩემი გუნდისთვის ხელფასების გადახდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა წინადადება, რომ მოეხსნათ ყადაღა და გადავიხდიდით გადასახადებს, ეს არ მოხდა. შემდეგ ღიად ვთქვით, რომ ორივეს ერთად ვერ მოვახერხებდით და ამ ორ საკითხს შორის არჩევანი გავაკეთეთ კომპანიის ფუნქციონირების სასარგებლოდ. საურავები რომ გროვდებოდა, არაერთგზის მივწერეთ ფინანსთა მინისტრს, არ მახსოვს მაჭავარიანი იყო თუ წინამორბედი, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

პროცესი წავა გაკოტრებისკენ და ამ ფორმით მოხდება შესყიდვა. ვსვამ კითხვას, „მაესტრო“ და „იმედი“ ხომ ერთი ჰოლდინგია, საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ჯამურად იგივე აქვთ, რაც „რუსთავი 2“-ს. „რუსთავი 2“ რატომაც არ იხდიდა გასაგებია, ეს ჰოლდინგი რატომ არ იხდის, ვინმეს პასუხი აქვს?! მას ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან მითითება, რომ არ გადაეხადა. ახალ ხელისუფლებას აუცულებლად შევთავაზებ, რომ საქართველოში დიდი და მცირე მედიები ყველაზე ცოტა 10 წელი მაინც გათავისუფლდნენ ყველანაირი გადასახადისგან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია მედიისთვის შემოსავლის ლეგიტიმური წყარო, დაანგრია სარეკლამო ბაზარი. ეს არის ჩემი პასუხი ვანო მაჭავარიანს, რომელიც არაფერ შუაში არ არის პრინციპში, ეს არის პასუხი შექმნილ სიტუაციაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი თემები