“გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს” – გიორგი გახარია

“ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები – კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მინდა, ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო:

1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;

2. ჯარში გაწვევა;

3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

6.  დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები;

8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება – როგორც კულტურული, ისე სპორტული;

10. გავეცით სავაჭრო ობიექტების დახურვის რეკომენდაციები, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო და საბანკო მომსახურებისა.

ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეგვეჩერებინა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპი, რომელიც გახლდათ, ძირითადად, იმპორტირებული – უცხო ქვეყნიდან ვირუსის გავრცელების ეტაპი.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება. იმ რაოდენობის ინფიცირებულები, რომლებიც ჩვენ გვყავს და, განსაკუთრებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რაოდენობის ზრდა საკარანტინე ზონაში, არის უკვე აშკარა ფაქტი იმისა, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ – შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანაა ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა, ამ ეტაპზე არის ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება და შეჩერება, ასევე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო მომზადებული დახვდეს და უფრო ხარისხიანად უმკურნალოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც მე ჩამოვთვალე, უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები