“გააფრთხილეთ მოსახლეობა, ჟვანიას ქუჩაზე საფრთხის ქვეშ არიან” – თეა გოდოლაძე ვარაზისხევში სტიქიის შესაძლო მასშტაბებზე  

​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობების გამო, მდინარე ვარაზისხევის ფერდობებზე და მის კალაპოტში ქანების მოჭრა-მოსწორების შედეგად, სტიქიური უბედურების შესაძლო საფრთხე და მასშტაბები შეისწავლა.

როგორც კვლევის შედეგად დადგინდა, გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მდინარე ვარაზისხევის მარცხენა ფერდობი მეწყრული რისკის მატარებელი არაა, აქ შესაძლებელია მხოლოდ განვითარდეს ქვათაცვენა, რის გამოც, სასურველია სამშენებლო კომპანიებმა ფერდობის სპეციალური დაცვითი სამუშაოები აწარმოონ. მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებს კი წყალმოვარდნისა და ღვარცოფული პროცესების საფრთხე ემუქრება, რადგან მდინარე ამ მონაკვეთში მოქცეულია მილში და მეწყრული პროცესების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ჩახერგვა.

​გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ჟვანიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსები საშიშია. ადამიანი სანამ ჩაერევა ბუნებრივ პროცესებში მან ეს საკითხები უნდა შეისწავლოს. ​მესმის დეველოპერების, სახელმწიფოს ინტერესების, მაგრამ ეს არ უნდა კეთდებოდეს მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ დღეს განაცხადა, საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში, ყველაზე დიდი რისკის შემცველია მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობი, განსაკუთრებით Hilltop Green -ის და მის სიახლოვეს არსებული მშენებარე შენობების სამხრეთით მდებარე ფერდი. მშენებლობის გამო ფერდობზე მოჭრილია ამგები ქანების გარკვეული მონაკვეთი, მის ზემოთ მდებარე ქანებს გამოცლილი აქვს ბუნებრივი საყრდენი და შესაბამისად, ძლიერი წვიმის ან მიწისძვრის შემთხვევაში, მათი გრავიტაციულად დაძვრის ალბათობა იზრდება. მსგავსი პროცესის კარგი მაგალითია მდინარე ვარაზისხევის ზემო წელში, მარჯვენა ფერდობზე 6500 მ2 ფართობზე ჩამომეწყრილი ანალოგიური გეოლოგიური მახასიათებლების მასალა, მიზეზი სავარაუდოდ მდინარის მიერ გამოწვეული ეროზიაა. ​

​მისივე თქმით, კაკაბაძის ქუჩაზე მომხდარი კატასტროფა, ასევე მსგავსი გეოლოგიური მოვლენის შედეგია და 2015 წელს, მდინარე ვერეს კატასტროფაც ამ ტიპის მეწყრულ პროცესს მოჰყვა. “აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიგვაჩნია მოცემულ ტერიტორიაზე შემდგომი განაშენიანება მოხდეს დეტალური გეოლოგიური კვლევების შედეგების შესაბამისად; მაქსიმალურად შეიზღუდოს მშენებლობა მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე; სამომავლოდ მოხდეს ფერდობის შესწავლა და მონიტორინგი მეწყრული პროცესების თავიდან აცილების მიზნით; ამ ეტაპისთვის აშენებული შენობების დასაცავად მოეწყოს სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

​მისივე თქმით, გეოლოგიური საფრთხეების პარალელურად, ასევე საყურადღებოა ჰიდროლოგიური საფრთხეებიც. ​დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირება განახორციელეს. მოდელირების სცენარის მიხედვით კოლექტორიდან 1 კმ-ში ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასალამ კოლექტორის შეგუბება დაიწყო 6 წუთსა და 40 წამში. შეგუბებიდან დაახლოებით 5 წუთში კოლექტორის მიდამოები გაავსო და წყალმა დაიწყო გადმოსვლა. მეწყრის ჩამოწოლიდან არაუგვიანეს 15 წუთში, დაახლოებით 12-13 წუთში, პირველივე კორპუსებთან სტიქიამ დამანგრეველი სახე მიიღო რადგან კორპუსების ეზოებში დაფიქსირდა რამდენიმე მ/წმ სიჩქარით მოძრავი დაახლოებით 0.5 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი. სტიქიის დაწყებიდან 21 წუთზე ცოტა მეტ დროში წყალმოვარდნის ტალღამ ჭავჭავაძის ქუჩამდე მიაღწია. 24 წუთში ვერეს ხეობის გზის მონაკვეთი დატბორა და რამდენიმე წამში გმირთა მოედნამდეც ჩავიდა. წყალმოვარდნის ტალღას დასჭირდა დაახლოებით 30 წუთი რათა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან – ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვარს შეერთებოდა.

მსგავსი თემები