“ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რაც ხდება” – დიანა ტრაპაიძე “ტვ პირველზე” განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე

„ტვ პირველიზე” განხორციელებული კიბერთავდასხმის შემდეგ, ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივებსა და ყველა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. “ტვ პირველმა” ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. ამ ეტაპზე არხი მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობას ახერხებს

ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ის რაც ახლა ხდება ბოლო მოვლენებს საეჭვოდ ემთხვევა. 

„ფაქტობრივად, ვიდეო არქივი განადგურებულია, სერვერი, ანუ ტექნიკური ბაზა, რომლითაც შეიძლება მასალის მიწოდება მაყურებლისთვის, დავირუსებულია და შეუძლებელია მისი გამოყენება. მხოლოდ ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა შეგვიძლია. ახალი ამბები ვერ გავა ეთერში, ამიტომ მე შევეცდები მხოლოდ ერთი კამერისა და რამდენიმე ჩართვის აპარატის საშუალებით, პირდაპირ ეთერში გადავცე მაყურებელს ის, რაც ხდება დღეს. ვერანაირ მასალას ვერ ვამუშავებთ ამ დრომდე და ვცდილობთ, რამე ალტერნატიული რესურსები მოვძებნოთ.

ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის, რაც ხდება მაგრამ, მაინც დაველოდები საბოლოოდ რა გამოიკვეთება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს არის კრიპტოვირუსი, რომელმაც მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანა სერვერი და გაანადგურა მასზე არსებული ყველა მასალა. მგონი, საერთოდ ქუდის გარეშე გავალ ეთერში იმიტომ, რომ ესეც კი არ არის შენახული ჩვენს ტექნიკურ ბაზაში,“ – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

ცოტა ხნის წინ ტვ “პირველში” გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს. შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლები შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს. 

მსგავსი თემები