“ბოლო ერთ კვირაში, 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა” – ამირან გამყრელიძე

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა – 219. წინა კვირისგან განსხვავებით, დაახლოებით, 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არც ერთი შემთხვევა ისეთი მძიმე არაა, რომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებდეს. აქედან გამომდინარე, წელს გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია.

მისივე ინფორმაციით, წელს, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი ადამიანი აიცრა.

„სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა და დაახლოებით 30 000 ადამიანია აცრილი ნებაყოფლობით. 30 დეკემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ამ დროისთვის, 338 ადამიანმა მიიღო ტამიფლუ და პრეპარატის მარაგი საკმარისია ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები