ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო პაკეტი რეგულაციებს გაამკაცრებს

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ცვლილებების პაკეტი მზად არის, რაზეც მუშაობა ჯერ კიდევ დიდი დიღმის აფეთქების შემდგომ დაიწყო.

როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, ​​პაკეტი მოიცავს სხვადასხვა რეგულაციების შემოღებას, როგორც შიდა ქსელის მოწყობასთან, ასევე, ქსელის მონიტორინგთან დაკავშირებით. შემოდის ინსპექტირების დამოუკიდებელი ორგანო.  

“დღეს მოქმედი კანონის თანახმად, კონტროლს ის კომპანია ახორციელებს, რომელლიც ლიცენზიას გასცემს. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, იარსებებს ინსპექტირების დამოუკიდებელი ორგანო. მე ვერ გეტყვით, ეს იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულებების ორგანოს დაქვემდებარებაში თუ კერძო პირი. ეს კონცეფცია ზუსტად შესამუშავებელია, მაგრამ პაკეტი უკვე მზად არის მთავრობაში განხილვისთვის. მისი პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა. განხილვის პროცესი დაჩქარებულად მიდის, რადგან ამ ცვლილებების მიღება აუცილებელია”, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი. 

მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობამ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ წელიწადში ერთხელ სპეციალისტებს ბინაში არსებული მდგომარეობა შეამოწმებინონ. 

​”უბედური შემთხვევების ძალიან დიდი პროცენტი ისეთ ბინებში ხდება, რომელიც გაქირავებულია და უკონტროლოდ არის მიტოვებული. თვითონ ადამიანები ცხოვრობენ ისეთ სახლებში, სადაც 25 წელია არ შემოწმებულა სავენტილაციო მილი. კომპანია “ყაზტრანსგაზის” ძალიან ბევრი ფოტო ვნახე, სადაც გამწოვი მილი დაბინძურებულია და აღარ არსებობს ადგილი ნამწვისთვის. ზოგან ჩიტის ბუდეებიც კი არის. წელიწადში ერთხელ ვიფიქროთ, რომ გაზის ქსელი შევამოწმებინოთ სპეციალისტებს. “ყაზტრანსგაზი” ამას უფასოდ ახორციელებს”, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი.

​მისივე თქმით, ​​ძალიან მაღალია ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვალების შემთხვევები, ძირითადად ხშირია თბილისში და ქვეყნის დიდ ქალაქებში. 


მსგავსი თემები