ბრალდებულებს, ვისაც სატელეფონო ზარებზე პროკურატურამ შეზღუდვა მოუხსნა, 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცათ

იმ ბრალდებულებს, ვისაც საქართველოს პროკურატურამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სატელეფონო ზარებზე არსებული შეზღუდვა 22 მაისამდე მოუხსნა, თითოეულს 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო მიეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით პენიტენციურ სისტემაში 300-მდე ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სატელეფონო ზარებზე შეზღუდვა ჰქონდა დაწესებული.

„სწორედ ამ შეზღუდვის გამო მოცემული პირები ვერ მოხვდნენ იმ პატიმართა სიაში, ვისაც 22 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისგან საჩუქრად უფასო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. იმისათვის, რომ 22 აპრილის მდგომარეობით სატელეფონო შეზღუდვის მქონე პატიმრებმაც შეძლონ ოჯახებთან და გარე სამყაროსთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მოხდა შეთანხმება პენიტენციური სისტემისთვის სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასთან და თითოეულ ასეთ პატიმარს ექნება საშუალება 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დროით ისარგებლოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე წლის 5 მარტიდან განსაკუთრებული პირობები მოქმედებს და ამ დროიდან ყველანაირი პაემნის უფლება შეჩერებულია.

„იმისთვის, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მოცემული შეზღუდვის მიზეზით გარე სამყაროსთან ურთიერთობის დეფიციტი ნაწილობრივ მაინც დაუკომპენსირდეთ, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ყველა პატიმარს ყოველთვიურად 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ეძლევა უფასოდ“,- აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მსგავსი თემები