„ბრალდების მხარემ სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა“  – გიორგი ჭანტურიას ადვოკატი

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე უკვე მეორედ დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო ამ შემთხვევაში ბრმა იარაღად გამოიყენა.

“გაოგნებული ვარ, ისევე როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სამწუხაროდ, სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა ბრალდების მხარემ, ვინაიდან გიორგი ჭანტურია დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რაც მე ვფიქრობ, სრული უკანონობაა. ეს ადამიანი არ ემალებოდა გამოძიებას, არ გარბოდა არსად, არ ახდენდა მოწმეებზე ზემოქმედებას და შესაბამისად, მზად იყო ნებისმიერი კითხვისთვის ეპასუხა და ასევე ის ღია იყო ყველასთვის, მითუმეტეს საგამოძიებო ორგანოსთვის. თუმცა სამწუხაროდ, ასე ჩუმად, მაინც მოხდა მის წინაააღმდეგ დაკავების განჩინების გამოტანა და სამწუხარო ის არის, რომ ამაში სასამართლომ მონაწილეობა მიიღო. დარწმუნებული ვარ, რეალური არანაირი საფუძველი არ იქნება მისი დაკავებისთვის. ადამიანს აკავებენ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მერე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შედიან მის სახლში და შემთხვევით ნახულობენ სამ ავტომატს, 500 ვაზნას და 21 მჭიდს. მე არ ვამბობ, რომ ჩაუდეს ან ციდან ჩამოფრინდა. საზოგადოებამ გასცეს პასუხი, რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი, როდესაც 7 თვის წინ მის სახლში ორჯერ ტარდება ჩხრეკა, ვერაფერს ნახულობენ და 7 თვის მერე, ასეთ საქმეზე, როცა პირმა იცის, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რამე მოიმოქმედონ, თურმე მერე სამ ავტომატს პოულობენ“ – აღნიშნა კობაიძემ „მთავარში“.

მსგავსი თემები