ბორჯომის ხეობაში ხანძარს ისევ ებრძვიან, განადგურებულია ტყის მასივები

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, ერთ ლოკაციაზე დამწვარია 1 ჰექტარი ტყის მასივი, მეორეზე კი 1.5 ჰექტარი ტყის ფართობი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მედიცენტრ მთავარს” განუცხადეს, ბორჯომში გაჩენილ ხანძარს მეტყევეები და მაშველები ამ დრომდე ებრძვიან. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

“გამთენიისას მუშაობა განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ცოცხალი ძალა ინტენსიურად ახორციელებს ტერიტორიის დამუშავებასაც,”- განუცხადეს სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები