“ბორჯომი-ლიკანის” თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს – რა დაპირება მისცა მენეჯერმა?

დღეს, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ 50-მდე თანამშრომელი გაიფიცა და სტუმრების მომსახურებაზე უარი განაცხადა. ისინი შრომის პირობებს აპროტესტებდნენ და სასტუმროს მენეჯერის, კობა აბულაძის გადადგომას ითხოვდნენ.

„გაუსაძლისი მდგომარეობაა. ერთ კაცს უწევს იმდენი საქმის კეთება, რამდენსაც 20 თანამშრომელი უნდა აკეთებდეს. ვითხოვთ, ადამიანურ მოპყრობას და სასტუმროს მენეჯერის კობა აბულაძის გადადგომას. არსებულმა გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გავიფიცეთ ყველა – დამლაგებლებით დაწყებული – დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული და უარი ვთქვით სტუმრების მომსახურებაზე“, – განაცხადა „ბორჯომი ლიკანის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მოგვიანებით, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის, დახურულ კარს მიღმა, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროს მენეჯერი კობა აბულაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა. ხოლო, სასტუმროს თანამშრომლების განცხადებით, მენეჯმენტმა ერთკვირიანი ვადა ითხოვა დამატებითი კადრების ასაყვანად.

ამ დროისთვის „ბორჯომი ლიკანში“ გაფიცვა შეწყდა. მიმღებმა სტუმრების მიღება განაახლა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა დაკავებული პოზიცია რამდენიმე თვის წინ დატოვა. შალვა ალავერდაშვილი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“, რომელიც დღეს “საპარტნიორო ფონდის” ბალანსზეა, 4 წლის განმავლობაში მართავდა. სასტუმროში პრობლემები კი ამის შემდეგ დაიწყო. სასტუმროში არსებული პირობებით არც დამსვენებლები არიან კმაყოფილები.

მსგავსი თემები