“ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა” – ილია მეორე

“მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას, ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.

„დღეს არის ესტატე მცხეთელის დღესასწაული, გილოცავთ. მინდა, დღეს ვისაუბრო ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არ ვაკეთოთ. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას.

მინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს, გაუძლებს იმ განსაცდელს, რომელშიც იმყოფება დღეს.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალაგაზრდებისგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდობის ხელშია და იმედი მაქვს, რომ დაძლევენ.

ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი. უფალმა მოგვცეს ძალა და მშვიდობა, ეს ღვთისგან მინიჭებული მადლია.

ნუ ეცდებით, აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ მაგალითი ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ შეპყრობილი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ. მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს. კურთხევა უფლისა თქვენზედა მისითა მადლითა კაცთმოყვარებითა. ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ჩვენთანაა“, – განაცხადა საქართვლოს პატრიარქმა.

მსგავსი თემები