ბოლო 2 კვირაში ღამის კლუბებიდან საავადმყოფოებში 48 ადამიანი გადაიყვანეს

„შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით იმუშავებს, მეორე კი  12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს“, –  აღნიშნული განცხადება შსს მინისტრმა – გიორგი გახარიამ აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფლებამოსილების გადამეტებაზე ოფიციალური მიმართვა არცერთ უწყებაში არსებობს: „მოგეხსენებათ,  რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული და ეს იქნება ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს, რათა შევძლოთ, არსებულ კითხვებს უფრო სწრაფად გავცეთ პასუხები. მეორე ჯგუფი კი 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს, თუმცა ეს უფრო ომბუდსმენის ოფისში მოხდება. დღეს ოფიციალური მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც გენერალურ პროკურატურაში არ არსებობს“.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ღამის კლუბებში შესვლა პოლიციამ ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შემთხვევების გახშირებისა და კლუბებში რეალიზაციის ფაქტების დადასტურების შემდეგ გადაწყვიტა.

“შსს – ს აქვს სხვა და სხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს – ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112 -ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები